აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპს არ მოეწონა დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ რუსეთის იდეა, უკრაინაში მმართველობა განისაზღვრება მისი კონსტიტუციით, უკრაინელი ხალხით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპს არ მოეწონა დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ რუსეთის იდეა, უკრაინაში მმართველობა განისაზღვრება მისი კონსტიტუციით, უკრაინელი ხალხით

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ეთანხმება  უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

„პრეზიდენტს არ მოეწონა რუსეთის იდეა დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ. არ მგონია, საჭირო იყოს შეხსენება, მაგრამ უკრაინა არის კონსტიტუციური დემოკრატია. უკრაინაში მმართველობა განისაზღვრება მისი კონსტიტუციითა და უკრაინელი ხალხით“, – აღნიშნა ბრიუსმა.

პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა უნდა გადავიდნენ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე.

„ჩვენ ვიაზრებთ, რომ მოლაპარაკებები მოითხოვს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მხრიდან რთული გადაწყვეტილებებისა და კომპრომისების მიღებას. ჩვენ ვმუშაობთ რუსეთთან და უკრაინასთან და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა მათი მოლაპარაკების მაგიდასთან მოსაყვანად“, – განაცხადა ბრიუსმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს გარე მმართველობის შემოღების შესაძლებლობას, რაც გზას გაუხსნის ლეგიტიმურ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ეს კი მათთან შეთანხმებას უშედეგოს ხდის.

ამასთან, გაერო-მ უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, უკრაინას ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომელსაც პატივი უნდა სცენ.