აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი - ჯო ბაიდენი აბსოლუტურად უჭერს მხარს ევროპელ მოკავშირეებს საკუთარი, უფრო ძლიერი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი - ჯო ბაიდენი აბსოლუტურად უჭერს მხარს ევროპელ მოკავშირეებს საკუთარი, უფრო ძლიერი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აბსოლუტურად უჭერს მხარს ევროპელ მოკავშირეებს საკუთარი, უფრო ძლიერი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ ჩოლეტმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, დროა, ევროკავშირის ლიდერებმა თეორიებისა და რიტორიკის მიღმა იმოქმედონ. დერეკ ჩოლეტის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფსკრული იმას შორის, რის გაკეთებაც აშშ-ის არმიას შეუძლია და რის გაკეთებაც ევროპის კოლექტიურ სამხედროებს არ შეუძლიათ, მხოლოდ გაიზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩინეთიდან მომდინარე ახალ საფრთხეებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი შიშობს, რომ ევროპელი მოკავშირეები ვერ აიღებენ მეტ პასუხისმგებლობას და ამის საფასურს გადაიხდიან.

„ჩვენ გვსურს უფრო ძლიერი ევროპა. აშშ-ის ინტერესშია, რომ ევროპა იყოს უფრო ქმედუნარიანი სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომაც არის, რომ აშშ-ის ადმინისტრაციები, პრეზიდენტები ორივე პარტიიდან, თავდაცვის მდივნები საუბრობდნენ მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტზე სამხედრო ხარჯებისთვის“, – თქვა დერეკ ჩოლეტმა.