აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრები

„დიპლომატია ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი პასუხისმგებლიანი გზაა“ – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არავინაა დაცული, ვიდრე ყველა არ სცემს პატივს ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ყველა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას.

„ბოლო სამი ათწლეულია, რუსეთი შეიჭრა სამ მეზობელ ქვეყანაში – უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში; ჩაერია არჩევნებში, მკვლელობის მცდელობის მიზნით გამოიყენა ქიმიური იარაღი, როგორც საკუთარ მიწაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ (სკრიპალი, ნავალნი) და დაარღვია იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხებს მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში დავაყენებთ რუსეთთან. უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, მათ შორის შრომით და მისწრაფებით, გახდნენ ევროატლანტიკური და ნატო-ს თანამეგობრობის წევრები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინას დღეს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ენტონი ბლინკენი უკრაინიდან ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.