აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

13:21, 28.02.2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, კონსტრუქციული საუბრის საშუალებით მხარეებმა განსაზღვრეს კონკრეტული საწყისი ნაბიჯები ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის სტაბილიზაციისთვის.

აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი, რუსეთის დელეგაციას კი – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ელჩი ალექსანდრე დარჩიევი.

„შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა საბანკო და საკონტრაქტო სერვისებზე წვდომის თაობაზე, ასევე მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სტაბილური და მდგრადი პერსონალის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეები უახლოეს მომავალში შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. დრო, თარიღი, ადგილი და მონაწილეთა შემადგენლობა მოგვიანებით განისაზღვრება.

მსგავსი