აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ და ანტონიუ გუტერეშმა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება განიხილეს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ისაუბრეს ამერიკის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია, შეაჩეროს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დანაღმვა და გადასახადების დაწესება. ასევე განიხილეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის საკითხიც.
„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ფართო წრის მხრიდან ამ ძალისხმევის აბსოლუტურ მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საუბარია რეზოლუციის პროექტზე, რომელიც აშშ-მა ბაჰრეინთან, საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქუვეითთან და კატართან ერთად შეიმუშავა. რეზოლუციის პროექტი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლებაზეა ორიენტირებული, ასევე ითხოვს, ირანი დაუყოვნებლივ ჩაერთოს და ხელი შეუწყოს გაერო-ს მცდელობებს, დააარსოს ჰუმანიტარული დერეფანი სრუტეში სასიცოცხლო დახმარების, სასუქებისა და სხვა საქონლის მიწოდებისთვის.