აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღირსეული სახელმწიფოები რუსეთის მიერ მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ უნდა შეეგუონ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღირსეული სახელმწიფოები რუსეთის მიერ მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ უნდა შეეგუონ

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ღირსეული ქვეყნები არ უნდა შეეგუონ.

„ხუთი წლის წინ რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციამ გამოიწვია რუსეთის აგრესიის ესკალაცია. რუსეთმა სცადა, დაენგრია საერთაშორისო წესრიგი, შელახა ადამიანის ძირითადი უფლებები და შეამცირა ჩვენი საერთო უსაფრთხოება. მსოფლიომ არ დაივიწყა ცინიკური ტყუილი, რომელსაც რუსეთი იყენებდა მისი აგრესიის გამართლებისა და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობის შესანიღბად. ღირსეული სახელმწიფოები არ უნდა შეეგუონ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. აშშ ადასტურებს მის უდრეკ პოზიციას: ყირიმი უკრაინაა და უნდა დაუბრუნდეს უკრაინის კონტროლს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც მაიკ პომპეოს სახელით გავრცელდა.

აშშ-ის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს ყირიმში რუსეთის ოკუპაციური რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული უკრაინელი.

„აშშ გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს ყირიმის ნახევარკუნძულზე და მის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ი ძალაში დატოვებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ყირიმის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებამდე და რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებამდე.

აშშ-ი ადასტურებს მის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში.