აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გასული 30 წლის მსგავსად, საქართველოში ბოლო არჩევნებზეც ვიხილეთ დარღვევები, მოვუწოდებთ ოპოზიციას, გაასაჩივროს კანონიერი გზით, რომელსაც საქართველო ბოლო 20 წელი ქმნიდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გასული 30 წლის მსგავსად, საქართველოში ბოლო არჩევნებზეც ვიხილეთ დარღვევები, მოვუწოდებთ ოპოზიციას, გაასაჩივროს კანონიერი გზით, რომელსაც საქართველო ბოლო 20 წელი ქმნიდა

ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, დარღვევების შესახებ გაასაჩივროს კანონიერი გზით, რომელსაც საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში ქმნიდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მრავალმა, ისევე როგორც ეუთო-მ, ეს არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, გარკვეული თვალსაზრისით უკეთესიც კი – ნაკლები სიძულვილის ენა, წინასაარჩევნოდ ნაკლები აგრესიული ტაქტიკა, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების კუთხით და მსგავსი საკითხები, თუმცა, მათ დააფიქსირეს ხმების მოსყიდვა და ამომრჩეველთა დაშინება, რომელიც, სამწუხაროდ, თან სდევს საქართველოში არჩევნებს 30 წლის განმავლობაში. ჩვენმა გუნდმა ესეც იხილა. ჩვენი განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გაავრცელა, სწორედ ამას გამოხატავდა.

ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, დარღვევების შესახებ გაასაჩივროს კანონიერი გზით, რომელსაც საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში ქმნიდა. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ, საქართველოში მრავალს არ აქვს მართლმსაჯულების სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც განვითარების პროცესში იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ მიმართეს, არ გააჩნიათ ნდობა, რომ რეალურად მიიღებენ ისეთ გადახედვას, რომელსაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ. გარკვეული თვალსაზრისით მათი საჩივრების დეტალურ შემოწმებას და ფაქტობრივად, არჩევნების მეორე დღიდან ხელახალ არჩევნებს მოითხოვდნენ.

რამაც გამოიწვია ჩვენი ყოყმანი, ეს არის შედეგები – გამოთვლები არ იყო ძალიან აცდენილი. ოფიციალური შედეგები ზოგიერთ შემთხვევაში ახლოს იყო ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ჩატარებულ ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან, ამიტომ მაშინვე ცხადი არ იყო, ჰქონდა თუ არა ადგილი მასშტაბურ დარღვევებს. რამდენად უარესი იყო წინა არჩევნები, რომელთა შემდეგ ხელახალი არჩევნები არ მოუთხოვიათ?

კიდევ ერთხელ – ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ამ ბრალდებების განსახილველად გამოიყენონ კანონიერი საშუალებები, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდით. გადათვლები და მსგავსი საკითხები, მოდი, ვთქვათ, არც ისე გამჭვირვალედ წარიმართა, როგორც საჭირო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც გაზარდა ეჭვი შედეგების სანდოობის მიმართ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, აშშ-ის მოწოდება ოპოზიციის მიმართ არის, რომ შევიდეს პარლამენტში.

„ევროკავშირის ელჩმა და მე ვუმასპინძლეთ შეხვედრებს თითოეულ მხარესთან, თუმცა რამდენიმე იყო ყველა პარტიასთან, რათა გვეხილა, შეძლებდნენ თუ არა მოლაპარაკებას ჩიხიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ოპოზიციამ ცვლილებებისთვის პარლამენტში იბრძოლოს და არა კვლავ ბოიკოტი, რადგან მათ აქვთ რეფლექსი, ეს ქუჩაში გაიტანონ და ბოიკოტი გამოუცხადონ. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ცვლილებებისთვის შიგნით იბრძოლონ. თქვენმა მხარდამჭერებმა აგირჩიეს, რათა პარლამენტში შეხვიდეთ და ცვლილებები განახორციელოთ“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, აშშ ეხმარება საქართველოს, თუმცა ქვეყანა ჯერ ისევ დამოუკიდებელი ინსტიტუტების შენების პროცესშია.

„ვფიქრობ, სწორედ ეს ვიხილეთ ამ არჩევნებში. მათ გასული 30 წლის განმავლობაში არაერთი დარღვევების მქონე არჩევნები ჰქონდათ და მსგავსი დარღვევები ამ არჩევნებზეც ვიხილეთ: ხმების მოსყიდვა, ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება საჯარო მოხელეების ხმის მისაცემად მიყვანის თვალსაზრისით.

წელს უჩვეულო იყო კოვიდპანდემია. წელს წარმოდგენილი არ იყვნენ მოკლევადიან დამკვირვებელთა დიდი ჯგუფები. არჩევნებს დააკვირდნენ გრძელვადიანი და ზოგიერთი მოკლევადიანი დამკვირვებელი ეუთო-დან, თუმცა არც ისე ბევრი. რა თქმა უნდა, აშშ-ის მისიამ და სხვა საელჩოებმა ასევე გაგზავნეს არაფორმალურ დამკვირვებელთა ჯგუფები“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა, პარლამენტში წარმოდგენილია ცხრა პარტია, რომლებიც გაცილებით მრავალფეროვან შეხედულებებს წარმოაჩენენ. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ბოიკოტის მოთხოვნა უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს.

დატოვე კომენტარი