სახელმწიფო დეპარტამენტი - ბაიდენის ადმინისტრაცია გაემიჯნა აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ლავროვის შეხვედრას, რადგან ომის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებას უკრაინის გარეშე არ განიხილავს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი არ დაუჭირა აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და რუსეთის სხვა წარმომადგენლების შეხვედრას უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
მედიის ცნობით, აპრილში აშშ-ის ყოფილი ოფიციალური პირები სერგეი ლავროვს ნიუ-ორკში შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ორივე ქვეყნის სხვა დიპლომატებიც.
ბაიდენის ადმინისტრაცია გაემიჯნა აღნიშნულ მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ ისინი არ განიხილავენ ომის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებებს უკრაინელი ოფიციალური პირების ჩართვის გარეშე.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა იცოდა არაოფიციალური დისკუსიების შესახებ.
„მინდა, ნათლად განვაცხადო, ეს დისკუსიები არ იყო ჩვენ მიერ წახალისებული ან წამოწყებული. ჩვენ მას მხარს არ ვუჭერთ“, – აღნიშნა კირბიმ.