აშშ-ის სახაზინო მდივანი მომავალ კვირაში ჩინეთში სავაჭრო უთანხმოებებზე მოლაპარაკებებს გამართავს

01:37, 07.02.2019

აშშ-ის სახაზინო მდივანი სტივენ მნუჩინი და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლები მომავალ კვირას პეკინში ჩავლენ, სადაც სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

როგორც მნუჩინმა ამერიკულ ტელეკომპანია „სი-ენ-ბი-სისთან“ ინტერვიუში განაცხადა, გასულ კვირას ვაშინგტონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან ლიუ ჰესთან გამართული მოლაპარაკებები ძალიან პროდუქტიული იყო.

„ჩვენ უზარმაზარ ძალისხმევას მივმართავთ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს ჩვენი მიზანია“, – განაცხადა მნუჩინმა ინტერვიუში.

კონგრესისადმი მიმართვისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ახალი სავაჭრო შეთანხმება უნდა მოიცავდეს რეალურ, სტრუქტურულ ცვლილებას, რათა დასრულდეს უსამართლო სავაჭრო პრაქტიკა და დაცული იყოს აშშ-ში სამუშაო ადგილები.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფს 10 პროცენტიდან 25-მდე გაზრდის, თუ ორი ქვეყანა 2 მარტამდე შეთანხმებას ვერ მიაღწევს.

მსგავსი