აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - აშშ-მა და უკრაინამ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, მომდევნო კვირას მოაწერონ ხელი
აშშ-მა და უკრაინამ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, მომდევნო კვირას მოაწერონ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა „ფოქს ნიუსთან “ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ვაშინგტონმა კიევს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მზა დოკუმენტი გადასცა.
„ამჟამად დოკუმენტს უკრაინელები განიხილავენ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას დაიწყება სრულყოფილი განხილვები და, შესაძლოა, იყოს ხელმოწერაც“, – თქვა სკოტ ბესენტმა.
შეთანხმების ხელმოწერა იგეგმებოდა თებერვლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს. თუმცა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და დოკუმენტის ხელმოწერა არ შედგა.
ინტერვიუს დროს სკოტ ბესენტს ასევე დაუსვეს კითხვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ სანქციების გამკაცრება ან შემსუბუქება დამოკიდებულია რუსეთის შემდგომ ქმედებებზე.
„პრეზიდენტი ტრამპი, ვფიქრობ, არ დააყოვნებს სანქციების გამკაცრებას, თუ ეს მას უპირატესობას მისცემს მოლაპარაკებებში“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში შეისწავლიან რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებს, რომელთა შესრულებასაც მოსკოვი ითხოვს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამდე. მათ შორის არის რუსეთის აგრარული ბანკისთვის სანქციების მოხსნა და მისი SWIFT-ის სისტემასთან დაკავშირება, რაც შეუძლებელია ევროკავშირის თანხმობის გარეშე.