აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა ჯორჯიას შტატში, „ჰიუნდაის” ქარხანაში რეიდის დროს 475 ადამიანი დააკავა, სამხრეთ კორეის საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოთქვა და ობიექტზე დიპლომატები გაგზავნა

21:47, 05.09.2025

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა ჯორჯიის შტატში მდებარე „ჰიუნდაის” ქარხანაში მასშტაბური რეიდი ჩაატარა, რომლის დროსაც 475 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ „ბიბისი” წერს.

ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულთა უმეტესობა სამხრეთ კორეის მოქალაქეები არიან.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა „ბიბისის” განუცხადა, რომ აგენტებმა ჩხრეკის ორდერი აღასრულეს „არაკანონიერი დასაქმების პრაქტიკისა და სხვა სერიოზული ფედერალური დანაშაულების” ბრალდების გამო.

„ეს, რეალურად, იყო ისტორიაში ყველაზე დიდი ერთ ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო ოპერაცია”, – განაცხადა სპეციალურმა აგენტმა, სტივ შრანკმა.

ქარხანა, რომელიც კორეულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ ელექტროავტომობილების წარმოებისთვის ააშენა, ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ობიექტზე დიპლომატები გაგზავნა. ამასთან, მთავრობამ სეულში ამერიკის საელჩოს სამხრეთ კორეის მოქალაქეების უფლებების მიმართ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„კორეული საინვესტიციო კომპანიების ეკონომიკური საქმიანობა და კორეელი მოქალაქეების უფლებები და ინტერესები უსამართლოდ არ უნდა შეილახოს აშშ-ის ოპერაციების დროს”, – ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ობიექტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არიან და „მუშაობენ კონკრეტული გარემოებების გასარკვევად”.

მსგავსი