აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება, – ამას ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურების სამინისტროებსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საკურორტო დასახლებების უფრო ეფექტიანი მართვისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდება. ისინი, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, პასუხისმგებელნი იქნებიან მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოს კურორტების ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმის თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს ტურისტული ადგილების ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება.

ახალი პროგრამის საპილოტე პროექტი დაბა ბაკურიანით დაიწყება და საქართველოს სხვა ტურისტულად მიმზიდველ დასახლებებში გაგრძელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში მონაწილეობს ისეთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც პროექტს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ორიენტირებულია ტურისტული და მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან, მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და საბოლოო ჯამში, საქართველოს კურორტებზე უფრო მეტი მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვასთან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური დახმარება იქნება აღმოჩენილი, რათა ახალი კომპანიის ფუნქციონირებით გაუმჯობესდეს როგორც ტურისტულ დასახლებებში მუნიციპალური სერვისების მიწოდება, ასევე ზოგადად, ასეთი დასახლებების მართვა. მისი თქმით, აღნიშნული დახმარების შედეგად უკეთ იქნება შესაძლებელი ცალკეული დასახლებების ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩინება, ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციების ინფრასტრუქტურული განვითარების დაგეგმვა და მართვა, რამაც სამომავლოდ ასეთი დასახლებების ეკონომიკურ განვითარებას მეტი ბიძგი უნდა მისცეს. „მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება საერთაშორისო, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ხელი შეეწყოს მუნიციპალიტეტებს საკურორტო ადგილების მართვის მიმართულებით უნარების განვითარებაში“, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დასახლებები ან თემები შესაძლოა, მიმზიდველი იყოს როგორც საცხოვრებლად, ასევე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის. შესაბამისად, ასეთ მუნიციპალიტეტებში ინვესტირების უფრო მეტი შესაძლებლობაა.

„მემორანდუმის მიხედვით, მოხდება ასეთ მუნიციპალიტეტებში მმართველობის ორგანოთა ინსტიტუციური გაძლიერება, რათა მათ შეძლონ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა სამშენებლო ნებართვების გაცემა და საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, საჯარო სივრცეების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა და სხვ. ამ მუნიციპალური მომსახურებების უზრუნველყოფა აღნიშნული ადგილების პოტენციალის გამოყენებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მტკიცე საფუძველს შექმნის“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.