აშშ-ის საელჩო უკრაინაში თავის მოქალაქეებს მომდევნო დღეებში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს
ამერიკის საელჩო უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი გაფრთხილება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, უახლოეს რამდენიმე დღეში რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე „საჰაერო დარტყმას მიიტანს, რომელიც შეიძლება, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“.
მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაციის წყარო ტექსტში არ არის დაზუსტებული. განცხადებაში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ დარტყმა, შეიძლება, განხორციელდეს „მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს“.
აშშ-ის მოქალაქეებს საელჩო, „როგორც ყოველთვის, ურჩევს მზად იყვნენ, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავშესაფარში გადავიდნენ“.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი დარტყმის შესახებ გამოქვეყნდა. წინა ჯერზე მსგავსი გაფრთხილება გამოქვეყნდა სამი დღით ადრე, ვიდრე უკრაინის ტერიტორია დაიბომბებოდა რუსეთის არმიის ახალი, ექსპერიმენტული იარაღით – საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებით, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოგვიანებით „ორეშნიკი“ უწოდა.