აშშ-ის საელჩო საქართველოში - მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო, მისი საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას
აშშ-ის საელჩო საქართველოში - მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო, მისი საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება.

საელჩოში აცხადებენ, რომ  გინსბურგი ნამდვილი ნოვატორი იყო არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ ამერიკის ისტორიაში.

„დღეს ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რუთ ბეიდერ გინსბურგმა 27 წელზე მეტ ხანს იმსახურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო. გინსბურგი 34 წელზე მეტ ხანს დაუღალავად იცავდა დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატისა და იურისტის რანგში. იგი 1993 წელს ამერიკის ისტორიაში მეორე ქალი გახდა, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

უზენაეს სასამართლოში თავისი განსხვავებული აზრის დაფიქსირებით საქვეყნოდ ცნობილი მოსამართლე გინსბურგის არგუმენტები მაგალითი იყო ძლიერი და ამავდროულად თავაზიანი არგუმენტირებისა. მოსამართლე გინსბურგის საქმიანობის შედეგად გაჩნდა მეტი თანასწორობა ქალებისთვის და გარანტირებული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მისი საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას მომავალში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 27 წლის განმავლობაში იკავებდა.

დატოვე კომენტარი