აშშ-ის საელჩო - მაიკ პომპეო გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანს აშშ-ის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა
აშშ-ის საელჩო - მაიკ პომპეო გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანს აშშ-ის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

მაიკ პომპეოს შეხვედრა გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანთან მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს დილით ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ამ წუთებში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს​ ხვდება. მაიკ პომპეო დღესვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.