აშშ-ის საელჩო - ასეთ დროს ყველაზე ნათლად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის
საქართველოში აშშ-ის საელჩო ინგოროყვას კლინიკაში „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის მონახულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, მკაცრად გმობენ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე.
„დღეს ელჩმა დანიგანმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა „ტვ პირველის“ გუნდის წევრები მოინახულეს. ჟურნალისტებმა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ასეთ დროს ყველაზე ნათლად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.