აშშ-ის საელჩო - ამერიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, ვუსამძიმრებთ საგარეჯოში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს, ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის
აშშ-ის საელჩო - ამერიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, ვუსამძიმრებთ საგარეჯოში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს, ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის

აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, საელჩო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.