აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დროებით შეაჩერა ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც მსხვილი კომპანიების თანამშრომლებს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციას ავალდებულებს
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დროებით შეაჩერა ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც მსხვილი კომპანიების თანამშრომლებს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციას ავალდებულებს

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დროებით შეაჩერა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც მსხვილი კომპანიების თანამშრომლებს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციას ავალდებულებს.

კანონი, რომელიც იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში, კერძო კომპანიებს, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, დასაქმებულების სრულ ვაქცინაციას ან ყოველკვირეულ ტესტირებას ავალდებულებს. თუმცა სასამართლომ ინიციატივასთან დაკავშირებით აღმოაჩინა სერიოზული საკანონმდებლო და კონსტიტუციური პრობლემები, რის გამოც განკარგულება შეაჩერა და ბაიდენის ადმინისტრაციას პასუხის გასაცემად ორშაბათამდე მისცა ვადა.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ზომა სასამართლოში ტეხასის, ლუიზიანის, მისისიპის, სამხრეთ კაროლინისა და იუტას შტატებმა, ასევე კერძო კომპანიებმა და რელიგიურმა ჯგუფებმა გაასაჩივრეს. მათ პრეზიდენტი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს.

ლუიზიანას გენერალურმა პროკურორმა ჯეფ ლენდრიმ სააპელაციო სასამართლოს მიერ განაკარგულების შეჩერებას დამსაქმებლებისა და მათ მიერ დასაქმებულების თავისუფლებისთვის დიდი გამარჯვება უწოდა.

4 ნოემბერს სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მსხვილი კომპანიების თანამშრომლები 4 იანვრამდე უნდა აიცრან. ჯო ბაიდენმა ვაქცინაციას პანდემიიდან ერთადერთი გამოსავალი უწოდა. აშშ-ში ბევრმა კომპანიამ თავისი თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო უკვე გახადა.

დატოვე კომენტარი