აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ათასობით სარჩელის განხილვის გაგრძელება დაუშვა, რომლებიც კომპანია „მეტას“, „ალფაბეტს“, „სნეპს“, „ბაიტდენსსა“ და მათ კუთვნილ პლატფორმებს ეხება

14:22, 11.08.2026

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ათასობით სარჩელის განხილვის გაგრძელება დაუშვა, რომლებიც კომპანია „მეტას“, „ალფაბეტს“, „სნეპს“, „ბაიტდენსსა“ და მათ კუთვნილ პლატფორმებს ეხება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სოციალური მედიის კომპანიების წინააღმდეგ მოქმედი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კომპანიები პლატფორმებს განზრახ ქმნიდნენ ისეთი ფორმატით, რომ ახალგაზრდა მომხმარებლებს მათზე დამოკიდებულება განვითარებოდათ. მათი თქმით, ამან მოზარდებში დეპრესიის, შფოთვის, გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემების ზრდასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს შეუწყო ხელი.

სან ფრანცისკოში მდებარე აშშ-ის მე-9 სააპელაციო სასამართლომ „მეტასა“ და „ბაიტდენსის“ კუთვნილი ვიდეოპლატფორმის, „ტიკტოკის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. კომპანიები ითხოვდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, მათ ფედერალურ სასამართლოში შეტანილ 3000-ზე მეტ სარჩელზე პასუხისგება უწევთ.

კომპანიები ამტკიცებდნენ, რომ, 1996 წლის „კომუნიკაციების წესიერების შესახებ კანონის“ 230-ე მუხლის მიხედვით, მათ წინააღმდეგ მსგავსი სარჩელები არ უნდა განიხილებოდეს. ეს მუხლი, ძირითადად, ონლაინპლატფორმებს მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ კონტენტზე პასუხისმგებლობის აღებისგან იცავთ. კომპანიების თქმით, იგივე დაცვა უნდა გავრცელებულიყო მათ პლატფორმებზეც, მათ შორის იმ ბრალდებებზე, რომ ისინი პროდუქტებს დამოკიდებულების გამომწვევის მიზნად ქმნიდნენ. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 230-ე მუხლი კომპანიებს პასუხისმგებლობისგან დაცვის საშუალებას აძლევს და არა – იმუნიტეტეს სარჩელებისგან.

სასამართლომ ასევე უარყო „მეტას“ მოთხოვნა დაგეგმილი სასამართლო პროცესის გადადების შესახებ. საქმე 29 შტატის გენერალური პროკურორის მიერ შეტანილ სარჩელს ეხება. პროკურორები ამტკიცებენ, რომ „მეტა“ უკანონოდ აგროვებდა და იყენებდა ბავშვების მონაცემებს და სოციალურ ქსელებს ისე ქმნიდა, რომ ახალგაზრდები მათზე დამოკიდებულნი გამხდარიყვნენ.
კალიფორნიის შტატის სასამართლოებში მსგავსი ბრალდებების საფუძველზე დაახლოებით 3300 საქმეა გაერთიანებული.

ცნობისთვის, 7 აგვისტოს ნიუ მექსიკოს სასამართლომ „მეტას“ 567 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ კომპანიამ მომხმარებლებს სავარაუდო საფრთხეების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ მიაწოდა.

მსგავსი