აშშ-ის როლი კლიმატის ცვლილებებში - G7 ტრამპის პასუხს ელოდება

რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და გავა თუ არა აშშ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან – ტრამპის საბოლოო პოზიცია ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

კლიმატის ცვლილებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულება დიდი შვიდიანის სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო.

G7-ის ქვეყნები ტრამპის საბოლოო პასუხს ელოდებიან.

პარიზის შეთანხმებას ბარაკ ობამა მხარს უჭერდა, თუმცა დონალდ ტრამპმა დიდი შვიდიანის სამიტი, რომელიც იტალიის ქალაქ ტაორმინაში მიმდინარეობდა, ისე დატოვა, რომ მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია, განსხვავებით დანარჩენი ექვსი სახელმწიფოს ლიდერისგან, რომლებიც 2015 წელს მიღწეული შეთანხმების ერთგული რჩებიან.

 

რა არის პარიზის შეთანხმება

პარიზის შეთანხმება არის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული პირველი სრულყოფილი საერთაშორისო დოკუმენტი, რომლსაც 2015 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი. მისი მიზანია, გლობალური დათბობის საშუალო მაჩვენებელი 2 გრადუსზე ქვემოთ შენარჩუნდეს.

დოკუმენტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც 55 სახელმწიფო მოახდენს რატიფიცრებას.

ბარაკ ობამამ შეთანხმებას ხელი 2016 წელს მოაწერა. დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოები ორიენტირებული არიან, რომ აშშ-მა გააგრძელოს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ხელშეკრულების მხარდაჭერა და გასვლაზე უარი თქვას, ვინაიდან აშშ არის ის სახელმწიფო, სადაც ჩინეთის შემდეგ, „სათბურის გაზების“ ყველაზე დიდი ოდენობა გამოიფრქვევა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გლობალური დათბობის ძირითადი მიზეზი არის ადამიანის საქმიანობის შედეგად, ე.წ. “სათბურის გაზების”ემისიებისა (გაფრქვევის) და შესაბამისად “სათბურის გაზების” კონცენტრაციების ზრდა ატმოსფეროში.

“სათბურის გაზები” ეწოდება ატმოსფეროში არსებულ გაზებს, რომლებიც აბრკოლებენ დედამიწის ზედაპირიდან კოსმოსურ სივრცეში სითბური ენერგიის (სითბოს) გასხივებას, თვით მოვლენას კი “სათბურის ეფექტი “ეწოდება.

მთავარი “სათბურის გაზებია” ნახშირორჟანგი, მეთანი და აზოტის ქვეჟანგი. მიუხედავად იმისა, რომ მეთანი, განსაკუთრებით კი აზოტის ქვეჟანგი ბევრად უფრო ძლიერი “სათბურის ეფექტის” მქონე გაზებია, ვიდრე ნახშირორჟანგი, მთავარ სათბურის გაზად სწორედ ეს უკანასკნელი ითვლება ატმოსფეროში მისი უდიდესი წილის გამო.

ნახშირორჟანგი ძირითადად გამოიყოფა წიაღისეული საწვავის (ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი) წვის შედეგად.

 

რა არის კლიმატის ცვლილება

პლანეტაზე კლიმატი მუდმივად იცვლება. გლობალური დათბობის მაჩვენებელი, ამ დროისათვის, ცელსიუსი შკალით, 15 გრადუსზეა.

მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებით.

გლობალური დათბობა ნიშნავს დედამიწაზე ჰაერის მიწისპირა საშუალო ტემპერატურის თანდათანობით ზრდას.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გლობალური კლიმატის ცვლილებას თან სდევს დრამატული ხასიათის უამრავი გამოვლინება.

 

რა ხდება კლიმატის ცვლილების დროს

ინტენსიურად დნება არქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი საფარი. არქტიკის საშუალო ტემპერატურები სწრაფად იზრდება. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, საუკუნის ბოლოსთვის არქტიკა ზაფხულობით შეიძლება ყინულით აღარ იყოს დაფარული.

ყინულის საფარის დნობამ სხვა ფაქტორებთან ერთად გამოიწვია ზღვის დონის აწევა, რაც დაბლობ ზღვისპირა ადგილებს სანაპიროს ეროზიით, დატბორვითა და მტკნარი წყლის დაბინძურებით

ემუქრება.

გვალვები: 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, წინა პერიოდებთან შედარებით უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი გვალვები აღინიშნება დედამიწის ვრცელ ფართობებზე. ბოლო ათი წელია ავსტრალიაში არნახული გვალვებია.

ტროპიკული ციკლონების აქტივობის ინტენსიური ზრდა დაიწყო დაახლოებით 1970 წლიდან. 2001 წლიდან დღემდე ატლანტის ოკეანეში წარმოიქმნა უმაღლესი კატეგორიის 8 ქარიშხალი.

ბოლო წლებში გახშირდა და გაძლიერდა სითბური ტალღები. სითბური ტალღები ეწოდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკიდურესად ცხელ ამინდს, რომელსაც თან დევს მაღალი სინოტივე.

გეოლოგების მტკიცებით, გლობალური დათბობა იმაზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე.

რატომ არ მოსწონს დონალდ ტრამპს პარიზის შეთანხმება

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ პარიზის შეთანხმება მისთვის მიუღებელი იყო, ვინაიდან ის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ის კლიმატის ცვლილებების გამომწვევ მიზეზებს ეჭვქვეშ აყენებდა და ამბობდა, რომ ეს ჩინეთის გამოგონილი ეშმაკობა და თაღლითობა იყო.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამ საკითხზე აზრი შეიცვალა და ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებაზე ადამიანის საქმიანობას გარკვეული კავშირი ჰქონდა, თუმცა, მისი აზრით „ზოგიერთი, რაღაც დამოკიდებულია ოდენობაზე“.

დონალდ ტრამპი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ შეთანხმებას აშშ-ის კომპანიების ფინანსური ინტერესების კონტექსტშიც განიხილავს. გარდა ამისა, ის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობას ქვანახშირის ინდუსტრიის გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების შექმნას დაჰპირდა.

 

რა მოხდება თუ აშშ-ი პარიზის შეთანხმებას გამოეთიშება

როგორც BBC წერს, თუ აშშ-ი შეთანხმებას გამოეთიშება, ეს დონალდ ტრამპის იმიჯზე აისახება არამხოლოდ უცხოელი მოკავშირეების თვალში, არამედ უშუალოდ აშშ-ში მხარდამჭერებს შორისაც.

მედიასაშუალების ცნობით, კლიმატის ცვლილებების მიმართ ტრამპის დამოკიდებულება სიცილიაზე გამართული დიდი შვიდიანის სამიტის მთავარი დაბრკოლება იყო.

ტრამპი თავისი პოზიციის გამო, დიდი შვიდიანის სხვა ლიდერებისგან იზოლირებული აღმოჩნდა.

„კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან რთული დისკუსია გაიმართა, შესაძლოა ითქვას, რომ ძალიან უკმაყოფილოები ვართ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

BBC წერს, რომ თუ აშშ-ი შეთანხმებას გამოეთიშება, ამან შესაძლოა, სხვა უფრო პატარა სახელმწიფოების ლიდერებზეც მოახდინოს გავლენა და სხვებმაც აშშ-ის მიბაძონ.

ხოლო თუ ისინი აშშ-ის პოზიციას არ გაიზიარებენ, მაშინ პარიზის შეთანხმებას ისეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ეფექტი აღარ ექნება, როგორიც აშშ-ის მხარდაჭერის შემთხვევაში.

რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს აშშ-მა, ევროკავშირი, ინდოეთი და ჩინეთი ამბობენ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ პარიზის შეთანხმებას.

ნიუ იორკმა და კალიფორნიამ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე უკვე დაიწყეს.