აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ
აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი კონგრესმენი, მაიკლ მაკოლი და მისი 20 თანაპარტიელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანიის „Nord Stream 2 AG”-ის და მისი დირექტორის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.

კონგრესმენებმა შესაბამისი წერილით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართეს.

კონგრესმენების თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენით რუსეთი გააგრძელებს ევროპაში დესტაბილიზაციურ მოქმედებებს, ხოლო სანქციების მოხსნა გაზსადენის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებულ არაერთხელ გამოთქმულ უკმაყოფილებას ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, კონგრესმენების განცხადებით, სანქციების მოხსნით აშშ გერმანიის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე დანარჩენი ევროპის. ამასთან, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ფრედ კელერმა აშშ-ის კონგრესს კანონპროექტი წარუდგინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ.

გარდა ამისა, კონგრესმენმა პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განადგურებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის პროექტის წინააღმდეგი არის, გადაიფიქრა პროექტის ოპერატორი კომპანიის და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

მისი განცხადებით, სანქციების დაწესებაზე უარის თქმა განპირობებულია იმით, რომ გაზსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და მის წინააღმდეგ ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

დატოვე კომენტარი