აშშ-ის პრეზიდენტმა სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ში ნარკოტიკებისა და კრიმინალური ბანდების შედინების აღსაკვეთად მიიღო.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აშშ-ის პრეზიდენტს საგანგებო უფლებამოსილებას ანიჭებს, რომლის საშუალებით მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხის მიღებას კონგრესის თანხმობის გარეშე შეძლებს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპი კედლის მშენებლობისთვის რვა მილიარდი დოლარის მობილიზებას პენტაგონისა და სახაზინო დეპარტამენტის პროგრამებიდან შეძლებს.

კედლის მშენებლობისთვის 1.4 მილიარდი დოლარი უკვე გამოყოფილია ბიუჯეტში, რომელსაც დონალდ ტრამპი სავარაუდოდ ხელს მიმდინარე კვირაში მოაწერს.

დონალდ ტრამპმა სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა კედლის მშენებლობისთვის 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უარი უთხრა.