აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის ორ ქართველ კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცა [ფოტო-ვიდეო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA) სასწავლებლად მყოფ ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს აშშ-ის პრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ამერიკული მხარის მიწვევით დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე.

ბაიდენმა ამერიკული აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები ნიკოლოზ შარაძესა და რამაზ პაპიძესთან ერთად გადასცა.

USCGA-ს კურსდამთავრებულები: ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაგზავნილი პირველი კადეტები არიან, რომლებიც, საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია (USCGA) წელს 240 კურსანტმა დაასრულა. შვიდი უცხოელ კურსდამთავრებულს შორის ორი ქართველი: ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე არიან. სანაპირო დაცვის აკადემია ამერიკის საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო USCGA–ში ჩაბარების მსურველთა შესარჩევ პროცესში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, 2017 წელს პირველად ჩაერთო. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, USCGA–ში სწავლის უფლება, ოთხი წლის წინ, მხოლოდ ნიკოლოზ ტვილდიანმა და სანდრო სტაჟაძემ მოიპოვეს.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.