აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ სატარიფო სტრატეგია ტრამპის „გარიგების ხელოვნების“ ნაწილია
აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის თქმით, სატარიფო სტრატეგია ტრამპის „გარიგების ხელოვნების“ ნაწილია. ამის შესახებ ლევიტმა აშშ-ის ხაზინის მდივანთან, სკოტ ბესენტთან ერთად თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მედიაში ბევრმა თქვენგანმა აშკარად ვერ გაიგეთ გარიგების ხელოვნება. თქვენ აშკარად ვერ დაინახეთ, რას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი აქ“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
მან ასევე გააკრიტიკა მოსაზრება, რომ მოკავშირეების მიმართ დაწესებული ტარიფები ამ ქვეყნებს ჩინეთთან დააახლოებს.
„სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ საპირისპირო ეფექტს. მთელი მსოფლიო რეკავს აშშ-ში და არა ჩინეთში, რადგან მათ სჭირდებათ ჩვენი ბაზრები, სჭირდებათ ჩვენი მომხმარებლები და სჭირდებათ ეს პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტში, რომ ესაუბროს მათ“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ 75-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა აშშ-ს მოლაპარაკებებისთვის.