აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, ქვეყანაში მცხოვრებ 6 000-მდე სირიელს დეპორტაციისგან დაცვის მექანიზმი გაუუქმოს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, ქვეყანაში მცხოვრებ 6 000-მდე სირიელს დეპორტაციისგან დაცვის მექანიზმი გაუუქმოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, შეერთებულ შტატებში მცხოვრებ დაახლოებით 6 000 სირიელს დეპორტაციისგან დაცვის მექანიზმი გაუუქმოს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ სირიისთვის დროებითი დაცვის სტატუსი (TPS) დასრულდება. როგორც ნოემმა აღნიშნა, იქ არსებული სიტუაცია „აღარ აკმაყოფილებს მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის კრიტერიუმებს, რაც საფრთხეს აღარ უქმნის დაბრუნებული სირიელი მოქალაქეების პირად უსაფრთხოებას“.

მედიის ცნობით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაეს სასამართლოს მიგრანტებისთვის დაცვის გაუქმების საკითხზე მიმართავს.

წინა შემთხვევებში სასამართლომ გაიზიარა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდება და ასობით ათას ვენესუელელს დეპორტაციისგან დაცვის მექანიზმი გაუუქმა.

ცნობისთვის, დროებითი დაცვის სტატუსი (TPS) არის მექანიზმი, რომელიც, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ომის, სტიქიური უბედურების ან სხვა კატასტროფების შედეგად დაზარალებული ქვეყნებიდან ჩასულ მიგრანტებს სპეციალურ სტატუსს ანიჭებს, დეპორტაციისგან იცავს და მუშაობის უფლებას ანიჭებს.