აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტი დარწმუნებულია, რომ ტოკიოში თამაშები გაიმართება
აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტი დარწმუნებულია, რომ ტოკიოში თამაშები გაიმართება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროს სპორტსმენთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იაპონიის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმის გარანტიას იძლევა, რომ 2021 წელს ზაფხულის ოლიმპიადა ჩატარდება. ამის შესახებ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სარა ჰირშლანდმა.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თავიდანვე იყო ჩვენი სპორტსმენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – უპასუხა ჰირშლანდმა კითხვას იმის შესახებ – არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ამერიკელი სპორტსმენები არ გაემგზავრონ კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოში. – ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაბამისი უსაფრთხო გარემო შექმნილი იქნება. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენი მხრიდანაც მოქმედებაა საჭირო, მაგრამ იაპონიის მთავრობამ აჩვენა სრული მზადყოფნა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც იძლევა სრულ საფუძველს იმისთვის, რომ ამ საკითხში მშვიდად ვიგრძნოთ თავი“.

ჰირშლანდმა დაამატა, რომ ოლიმპიური ნაკრების არც ერთ სპორტსმენს არ აქვს განზრახული ტოკიოს ოლიმპიადაზე უარის თქმა.

აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა გამოთქვა იმედი, რომ თუ იაპონიის მთავრობა არ დაუშვებს თამაშებზე უცხოელ მაყურებელს, სპორტსმენებს მაინც შეეძლებათ თან იახლონ ოჯახის წევრები.

ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წელს 23 ივლისიდან რვა აგვისტომდე გაიმართება.