აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელი ირანის თავდასხმას მომდევნო 24 საათიდან 48 საათამდე პერიოდში ელოდება
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელი ირანის თავდასხმას მომდევნო 24 საათიდან 48 საათამდე პერიოდში ელოდება

აშშ-ის ოფიციალური პირები, ქვეყნის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ ისრაელი ირანის თავდასხმას მომდევნო 24 საათიდან 48 საათამდე პერიოდში ელოდება.

„უოლ სთრით ჯორნალი“ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ემზადება შესაძლო თავდასხმისთვის სამხრეთ ან ჩრდილოეთ ისრაელზე. ამერიკული გამოცემა ასევე ციტირებს ირანის რეჟიმთან დაახლოებულ წყაროს, რომელიც ამბობს, რომ თეირანს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

დამასკოში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე ისრაელს პასუხისმგებლობა არ აუღია, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ მიუთითა ისრაელის დაზვერვაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ შენობა არ იყო საელჩოს ნაწილი, არამედ იყო „ყუდსის ძალების სამხედრო შენობა, რომელიც შენიღბულია, როგორც სამოქალაქო შენობა დამასკოში“. „ყუდსის ძალები“ არის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საგარეო ოპერაციების დანაყოფი, რომელიც აშშ-ის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

პარალელურად, „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა, რომ ვაშინგტონი არ იყო ინფორმირებული პირველ აპრილს დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის თაობაზე.