აშშ-ის ნიუ მექსიკოს შტატის მოსამართლემ კომპანია „მეტას“ მომხმარებელთა მონაცემებთან დაკავშირებული დარღვევების გამო 25 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

23:54, 21.10.2026

აშშ-ის ნიუ მექსიკოს შტატის მოსამართლემ კომპანია „მეტას“ 25 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. ეს კომპანიის წინააღმდეგ დაწესებული ყველაზე დიდი ჯარიმაა.

სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანია წლების განმავლობაში საზოგადოებას „ფეისბუქის“ მომხმარებელთა მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ შეცდომაში შეჰყავდა.

როგორც ირკვევა, მომხმარებელთა მონაცემები მათი ნებართვის გარეშე მესამე პირებს გადაეცემოდა. საქმე „კემბრიჯ ანალიტიკას“ სკანდალს უკავშირდება. ეს ფირმა მილიონობით მომხმარებლის მონაცემებს პოლიტიკური კონსულტაციებისთვის იყენებდა, მათ შორის 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ „მეტამ“ შტატის კანონები 40 მილიონზე მეტჯერ დაარღვია.

მოსამართლე ფრენსის მეთიუსის თქმით, დარღვევები 2010 წლიდან 2021 წლამდე გრძელდებოდა. მისივე განცხადებით, მარკ ცუკერბერგის ჩათვლით, კომპანიის მაღალი რანგის ხელმძღვანელების მიმოწერა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

„დღევანდელი შედეგი ცხადყოფს, რომ არც ერთი კორპორაცია არ არის იმდენად ძლიერი, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს“, – განაცხადა შტატის გენერალურმა პროკურორმა, რაულ ტორესმა.

მსგავსი