აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ვაქცინების შესანახად საჭირო მინუს 80-გრადუსიანი სამი მაცივარი საჩუქრად გადასცა
აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ვაქცინების შესანახად საჭირო მინუს 80-გრადუსიანი სამი მაცივარი საჩუქრად გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს მინუს 80 გრადუსის ტემპერატურული რეჟიმის სამი საყინულე საჩუქრად გადასცა. ვაქცინის შესანახად საჭირო მაცივრები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.

დასაწყობებული მაცივრები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და საქართველოში ამერიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, რაიან ჰარკერ ჰარისმა დაათვალიერეს. ჰარისმა საქართველოს პირველ არხთან საკითხზე კომენტარი ქართულ ენაზე გააკეთა.

„მოხარული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადავცე სამი საყინულე. ეს საქართველოს დაეხმარება ვაქცინის მზადყოფნისა და ადმინისტრირების პროცესში. საყინულეები გააუმჯობესებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის  სისტემას ვაქცინის შენახვის, ცივი ჯაჭვის მართვისა და იმუნიზაციის მიმართულებით.

ეს დონაცია არის ამერიკის ევროპული სარდლობის მილიონ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი საქართველოსთვის კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ამერიკის საელჩო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში და ეხმარება ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა რაიან ჰარკერ ჰარისმა.

პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა საქართველოს შეუძლია, „ფაიზერის“ ვაქცინების მილიონობით დოზის შენახვა უზრუნველყოს.

„ეს არის საჩუქარი. ამერიკის საელჩომ, ევროპაში ამერიკის სარდლობის დახმარებით, ჩვენთვის ახალი, -80-გრადუსიანი მაცივრები შეიძინა, რომლებიც განკუთვნილია ულტრადაბალ ტემეპერატურზე შესანახი ვაქცინებისათვის. ეს სამი მაცივარი გადმოგვცეს საჩუქრად ჩვენს ცენტრს. იქვე არის მეოთხე მაცივარი სხვათა შორის, რომელშიც უკვე ინახება „ფაიზერის“ ვაქცინები და კიდევ ეს სამი მაცივარი დაემატა. ამჟამად, ჩვენ მთლიანად უზრუნველყოფილი ვართ, რომ მილიონობით დოზა მივიღოთ. ახლა მთავარია, მსოფლიო ბაზარზე გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ შევიძინოთ „ფაიზერის“ვაქცინები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.