აშშ-ის მოქალაქე, რომელიც იემენში 18 თვის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი, გაათავისუფლეს
აშშ-ის მოქალაქე, რომელიც იემენში 18 თვის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი, გაათავისუფლეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, რომელიც იემენში 18 თვის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი, გაათავისუფლეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩემთვის პატივია გამოვაცხადო, რომ დენი ბერჩი, აშშ-ის მოქალაქე, რომელიც იემენში 18 თვის განმავლობაში მძევლად იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და მეუღლესა და შვილებთან იმყოფება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ამერიკელის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის, თუმცა პრეზიდენტს მომხდარის დეტალები არ გაუსაჯაროებია.

„ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ამერიკელების სახლში დასაბრუნებლად. გვაქვს მუდმივი და ინტენსიური დიპლომატიური, სადაზვერვო და სააღსრულებო თანამშრომლობა აშშ-ის მთავრობასა და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს შორის“, – წერს ტრამპი.

ნავთობკომპანიის თანამშრომელი დენი ბერჩი იემენში შეიარაღებულმა პირებმა 2017 წლის სექტემბერში გაიტაცეს.