აშშ-ის მისურის შტატმა ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის საფრთხის დამალვის გამო სასამართლოში უჩივლა
აშშ-ის მისურის შტატმა ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის საფრთხის დამალვის გამო სასამართლოში უჩივლა

აშშ-ის მისურის შტატმა ჩინეთის მთავრობასა და ქვეყნის მმართველ კომუნისტურ პარტიას კორონავირუსის საფრთხის დამალვის გამო სასამართლოში უჩივლა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია მისურის გენერალური პროკურორის ერიკ შმიტის განცხადებაში.

პროკურორის განცხადებით, ჩინეთის მთავრობა „კოვიდ-19“-ის საფრთხის შესახებ მსოფლიოს ატყუებდა, ინფორმაციის გამავრცელებლებს დევნიდა და დაავადების გავრცელების შესაჩერებლად სათანადო ზომებს არ მიმართა.

„მათ საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა მისურის შტატის გენერალურმა პროკურორმა.

მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლების ქმედებებს მისურის შტატში ადამიანების გარდაცვალება, ასევე ეკონომიკური ზარალი მოჰყვა.

მისურიში კორონავირუსით 220-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მისურის ხელისუფლება სარჩელს „ისტორიულს“ უწოდებს, თუმცა მას მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პროცედურული დაბრკოლებები ელოდება, რადგან აშშ-ის კანონმდებლობით , უცხო ქვეყნის მთავრობებს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დავებში იმუნიტეტი გააჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვისა და დაგვიანებული რეაგირების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.