აშშ-ის კონგრესმა ტრამპსა და ზელენსკის სადავო სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შესახებ ანონიმური პირის ჩვენებაზე დაყრდნობით მომზადებული ანგარიში მოისმინა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპსა და ზელენსკის სადავო სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შესახებ ანონიმური პირის ჩვენებაზე დაყრდნობით მომზადებული ანგარიში მოისმინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არა მხოლოდ ბოროტად ისარგებლა თანამდებობით და შეეცადა, სარგებლის მიღების მიზნით, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინა ჩარეულიყო, არამედ თეთრმა სახლმა სცადა, „დაებლოკა“ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, – ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც კონგრესის კომიტეტმა საქმეში ჩახედული ანონიმური პირის ჩვენებაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს თანამშრომელია, რომელსაც თეთრ სახლთან კონტაქტი ჰქონდა. დოკუმენტში საუბარია, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სადავო სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შესაცვლელად ჩაერივნენ. კერძოდ კი, „სტენოგრამა ჩატვირთული იყო ცალკე ელექტრონულ სისტემაში, სადაც განსაკუთრებულად სენსიტიური ხასიათის გასაიდუმლოებული ინფორმაცია ინახება“.

„თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამ აქტს აღნიშნული ელექტრონული სისტემით ბოროტად სარგებლობად მიიჩნევს, რადგან სატელეფონო საუბარი ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით არ შეიცავდა სენსიტიურ ინფორმაციას“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სადავო სატელეფონო საუბარი, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის 25 ივლისს შედგა. საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სთხოვა დაინტერესებულიყო საქმის გამოძიებით უკრაინაში, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი ჰანტერი ფიგურირებს. ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში, ჰანტერი უკრაინული გაზის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კომპანიის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე გამოძიება ჯო ბაიდენმა შეაჩერა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, დემოკრატი ნენსი პელოსის განცხადებით, ამ ნაბიჯით დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადააჭარბა, რის გამოც მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურა დაიწყო.

დატოვე კომენტარი