აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები მოითხოვენ, პასუხისგებაში მიეცნენ პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კახოვკის კაშხლის აფეთქებაში
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კახოვკის კაშხლის აფეთქებაში.
აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფი აღნიშნავს, რომ რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და იმ ხალხის გადაადგილებაზე, რომლებიც დიდი ხანია, ცხოვრობენ კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დემოკრატი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი სტივ კოენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ პუტინი და რუსეთი-მსოფლიო დონის მატყუარები არიან. მისვე თქმით, გმობს რუსეთს და მოუწოდებს მსოფლიოსაც, იგივე გააკეთონ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი აცხადებს, რომ მას არ სჯერა რუსეთის ფედერაციის განცხადებების, თითქოს რუსეთი არ მონაწილეობდა ამ კატასტროფაში.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარყოფს მონაწილეობას ამ ძალადობის აქტში, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა მის მიერ უკრაინაში ჩადენილი ათასობით დანაშაულიდან პრაქტიკულად ყველაზე იცრუა, მათ შორის სისტემატურ და მიზანმიმართულ თავდასხმებზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, როგორებიცაა სკოლები, საავადმყოფოები, თავშესაფრები და ენერგეტიკული აქტივები“, – აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.
სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორზე.
„სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მუდმივი თავდასხმები ომის დანაშაულია და არ უნდა იყოს იგნორირებული. კახოვკის კაშხლის განადგურება ემუქრება მშვიდობიან მოსახლეობას ბირთვული კატასტროფით და გარემოს განადგურებით“, – აღნიშნა მან.