აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე დაკითხვა ჩაშალეს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე დაკითხვა ჩაშალეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე პენტაგონის მაღალჩინოსნის დაკითხვა ჩაშალეს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელ ლორა კუპერს წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტის წინაშე უნდა მიეცა ჩვენება. დაკითხვა დახურულ კარს მიღმა უნდა გამართულიყო, თუმცა რესპუბლიკელ კონგრესმენთა ჯგუფი დარბაზში შეიჭრა, რასაც ხმაური მოჰყვა. შემთხვევის ადგილას კაპიტოლიუმის პოლიცია გამოიძახეს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის ფარგლებში დაგეგმილი მოსმენა კი, შეჩერდა.

„ისინი აღელვებულები არიან, ისინი ამ გამოძიების შეჩერებას ცდილობენ. მათ არ სურთ, მოწმე კუპერმა ჩვენება მისცეს. მათ იციან, რომ წარმოდგენილი იქნება უფრო მეტი ფაქტი, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტისთვის აბსოლუტურად მომაკვდინებელი იქნება“, – განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა, ტედ ლიუმ.

თავის მხრივ, რესპუბლიკელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მოწმეთა ჩვენებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და არა საჯაროდ, ასევე იმის გამო, რომ წარმომადგენელთა პალატაში გამოძიების დასაწყებად კენჭისყრა არ გამართულა.

„ეს არის სიცრუე და დადგა დრო, ის შევარჩიოთ“, – განაცხადა რესპუბლიკელმა მარკ უოკერმა.

ლორა კუპერს, რომელიც რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეა, სამი კომიტეტისთვის უნდა მიეცა ჩვენება დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში ფინანსური დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები უნდა იყვნენ უფრო ხისტები და იბრძოლონ იმპიჩმენტის პროცედურის წინააღმდეგ.

წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში გამოძიება დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაზე შესაძლო ზეწოლას უკავშირდება. დონალდ ტრამპის ოპონენტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიების ჩატარების იძულების მიზნით კიევს ფინანსური დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა. თეთრი სახლის მიერ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო სტენოგრამის გამოქვეყნების შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.