აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი კოლუმბიის ოლქის 51-ე შტატად გამოცხადების შესახებ
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი კოლუმბიის ოლქის 51-ე შტატად გამოცხადების შესახებ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი კოლუმბიის ოლქის 51-ე შტატად გამოცხადების შესახებ. შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

დემოკრატების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს 216-მა კანონმდებელმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 208 კონგრესმენი იყო.

კანონის დასამტკიცებლად ის სენატმა უნდა მიიღოს, სადაც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს ხმების თანაბარი რაოდენობა აქვთ. ამ ეტაპისთვის კანონპროექტს სენატში 45 მხარდამჭერი ჰყავს.

კოლუმბიის ფედერალური ოლქისთვის შტატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ის კონგრესში წარმოდგენილი იქნება ორი სენატორით და ერთი კონგრესმენით. ასევე საკანონმდებლო ინიციატივით, შტატის სახელწოდება იქნება „ვაშინგტონი, დუგლასის თანამეგობრობა“ რასიზმისა და მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ფედერიკ დუგლასის საპატივცემულოდ.

მსგავსი ინიციატივა წარმომადგენელთა პალატამ 2019 წელსაც მიიღო, თუმცა სენატმა მას მხარი არ დაუჭირა.

უკანასკნელად აშშ-ში ახალი შტატები 1959 წელს გაჩნდა, როდესაც 49-ე შტატის სტატუსი მიიღო ალიასკამ და 50-ე შტატის სტატუსი ჰავაის კუნძულებს მიენიჭა.