აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ 2021 ფისკალური წლისთვის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ 2021 ფისკალური წლისთვის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ 2021 ფისკალური წლისთვის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, რუსეთთან სტრატეგიული კონკურენციისა და მასთან დაკავშირებული ქმედებების თვალსაზრისით, თავდაცვის დეპარტამენტი თვლის, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს „ყურადღება და შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რესურსები მიმართოს, ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში. მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით”.

დოკუმენტში „ჩრდილოეთის ნაკადი -2“ მილსადენისთვის სანქციების გაფართოებაც არის გათვალისწინებული. კერძოდ, სანქციების დაწესება იგეგმება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მილსადენის მშენებლობისთვის საჭირო სპეციალიზებული ხომალდებით უზრუნველყოფას ხელს უწყობენ.

აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა დაახლოებით 732 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან 69 მილიარდი დოლარი საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი, რაც როგორც განმარტებით დოკუმენტშია ნახსენები, საშუალებას მისცემს სამხედროებს, შეინარჩუნონ მზაობა, გაზარდონ შესაძლებლობები და ინვესტირება განახორციელონ ახალ პროგრამებსა და ტექნოლოგიებში, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.

აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებია გაწერილი.

ახლა დოკუმენტი პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. დონალდ ტრამპი მისი დაბლოკვით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის აქტიდან მისთვის სადაო მუხლებს არ ამოიღებენ.