აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

თავდაპირველად სენატორები და კონგრესმენები პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის”, „დროას” , „ევროპული საქართველოს”, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს დაესწრება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ასეთი ვიზიტები არის გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ასეთი ვიზიტები არის გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სტრატეგიული პარტნიორი და სრული მხარდაჭერის იმედი შეიძლება, გვქონდეს ამერიკის მხრიდან. ეს არის შესაძლებლობა ჩვენ დავაყენოთ ჩვენი ის ეროვნული ინტერესები, რაც გვაქვს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების წინაშე.

ვფიქრობ, ეს არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება საქართველოში. ეს არის რეგიონალური ის საფრთხეები, რომელიც არის. ჩვენ ვნახეთ სრულიად ახალი გეოპოკიტიკური პროექტების განხორციელება, რაც საქართველოს გავლით შეიძლება, მოხდეს. ეს არის ის სატრანზიტო დერეფანი, რომელიც თუ შემკრები ჰაბი რომელიც შეიძლება საქართველო გახდეს, როგორც რუსეთის ალტერნატივა – გაზის, ნავთობის და ნებისმიერი ტვირთის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ეს არის შესაძლებლობა, ვაჩვენოთ, რომ თუ არ მოხდება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში , ყველა ეს პროექტი შესაძლოა, ჰაერში გაიფანტოს. ამისათვის აუცილებელია, ყველა ის რეფორმა, რომელიც კარგად იციან და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოცემული. რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ერთობაზე, რომელზეც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის განმავლობაში აშშ-ის დელეგაციას შეხვედრა დაგეგმილი აქვს საქართველოს პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია დაკომპლექტებულია გავლენიანი სენატორებითა და კონგრესმენებით. ისინი საქართველოს გუშინ ესტუმრნენ და დღეს უკვე იტალიაში ვიზიტის ფარგლებში მიემგზავრებიან.