აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას 28 იანვრამდე გამოაქვეყნებს
აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას 28 იანვრამდე გამოაქვეყნებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 28 იანვარს ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა გაიმართება, სამშვიდობო გეგმა კი, სავარაუდოდ, აღნიშნულ შეხვედრამდე გამოქვეყნდება.
23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ვაშინგტონში ნეთანიაჰუსთან ერთად ისრაელის ოპოზიციის ლიდერი ბენი განციც მიიწვია. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ პალესტინელებთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდა, თუმცა მათთან დიალოგი პერიოდულად გაგრძელდება.
„პალესტინელებს ბევრი სტიმული აქვთ ამის გასაკეთებლად. დარწმუნებული ვარ, რომ თავდაპირველად, შესაძლოა, მათი რეაქცია უარყოფითი იყოს, თუმცა რეალურად, ეს მათთვის ძალიან პოზიტიურია. ეს დიდებული გეგმაა, რომელიც რეალურად იმუშავებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ვაშინგტონის გეგმა, სავარაუდოდ, აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს დასავლეთ ნაპირზე არსებულ ებრაულ დასახლებებზე და მთელ იერუსალიმზე. ისრაელის „ჩენელ 12“-ის ინფორმაციით, გეგმა ასევე აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, მოითხოვს „ჰამასის“ განიარაღებას და პალესტინელებისგან მოითხოვს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარონ. პალესტინის ადმინისტრაციის მხრიდან აშშ-ის სამშვიდობო გეგმას, სავარაუდოდ, უარყოფითი გამოხმაურება ექნება.