აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრთან სავაჭრო მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გამართავს

10:45, 16.04.2025

აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრთან, ჩოი სან-მოკთან სავაჭრო მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრი ჩოი სან-მოკი აშშ-ში ბესენტის მიწვევით ჩავა.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ჩოი სან-მოკი დაესწრება ვაშინგტონში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში.

ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ არსებობს 15-ზე მეტი წინადადება, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს და ზოგიერთი გარიგება შეიძლება, უახლოეს მომავალში დადონ.

მსგავსი