აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი „კოვიდ-19“-ის წარმოშობის დასადგენად მეორე გამოძიების ჩატარებას ითხოვს
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი ხავიერ ბესერა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის დასადგენად მეორე გამოძიების ჩატარებას ითხოვს. როგორც ხავიერ ბესერა ამბობს, გამოძიების მეორე ფაზა უნდა იყოს გამჭვირვალე, სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული, საერთაშორისო ექსპერტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, შეაფასონ ვირუსის გავრცელების წყაროები და პანდემიის დასაწყისში შექმნილი ვითარება უკეთ შეისწავლონ.
„როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავერთიანდეთ და დავასრულოთ ბრძოლა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ. ეს უდიდესი ტესტია. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და გავატაროთ საერთაშორისო რეგულაციები. უნდა გავაუმჯობესოთ გამჭვირვალობა, დაუყოვნებლივ გავუზიაროთ ერთმანეთს კრიტიკული ინფორმაცია პანდემიებისა და ეპიდემიების შესახებ, რათა განვამტკიცოთ ჯანდაცვის სისტემა, რათა მან შოკს გაუძლოს“, – განაცხადა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა.
მანამდე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ „კოვიდ-19“ ბუნებრივად განვითარდა.