აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნით მიმართა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნით მიმართა. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლოსგან ითხოვს 2019 წელს დაწყებული საქმის დახურული სხდომების ტრანსკრიპტების გამოქვეყნებას.
უწყება აცხადებს, რომ საქმის მასალები, რომლებიც ათობით გოგონას სექსუალურ ტრეფიკინგს უკავშირდება, საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს.
იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს შესაბამისი თხოვნით ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკის ფონზე მიმართა.
მანამდე დონალდ ტრამპმა სასამართლოს მიმართა გამოცემა Wall Street Journal-ის მფლობელი კომპანიის, მისი მფლობელის, რუპერტ მერდოკისა და ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო. მიმდინარე კვირას გამოქვეყნებულ სტატიაში Wall Street Journal-ი წერს, რომ 2003 წელს დონალდ ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინს 50-ე დაბადების დღეზე უხამსი შინაარსის მისალოცი წერილი მისწერა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წერილი ყალბია.
მედიასაშუალების ინფორმაციით, მისალოცი ალბომი, რომელიც შეიცავს ტრამპის მილოცვასაც, 2003 წელს, ეპშტეინის 50-ე დაბადების დღისთვის მისმა მეგობარმა, გისლეინ მაქსველმა შეაგროვა. 2022 წელს მაქსველს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოზარდი გოგონების სექსუალურ ექსპლუტაციასთან კავშირისთვის. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს მაქსველის საქმის მასალების გასაჯაროებასაც სთხოვს.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუპერტ მერდოკი და გამოცემა გაფრთხილებული იყვნენ, რომ სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში მათ სასამართლოში უჩივლებდნენ, რადგან წერილი, რომლის შესახებ სტატიაშია საუბარი, ყალბია. მედიასაშუალების მტკიცებით, ტრამპის სავარაუდო მისალოცი გზავნილი, რომელიც ქალის შიშველი სხეულის ნახატზეა დაბეჭდილი, მთავრდება ფრაზით: „დაბადების დღეს გილოცავ და დაე, ყოველი დღე იყოს კიდევ ერთი შესანიშნავი საიდუმლო“.
„ეს არ არის ჩემი სიტყვები, მე ასე არ ვსაუბრობ. ასევე, მე არ ვხატავ ნახატებს“, – თქვა ტრამპმა.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.
2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ, სხვა საქმეებთან ერთად, ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა. თებერვალში გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გამოაქვეყნა დოკუმენტების ნაწილი, თუმცა მასალები ახალ გარემოებებს ან სახელებს არ შეიცავდა.