აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მაიკლ ფლინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დახურა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მაიკლ ფლინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დახურა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ მაიკლ ფლინს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალდება მოუხსნა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ფლინი გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო დამნაშავედ 2017 წელს ცნეს. კერძოდ, ბრალდების მიხედვით, მან მცდარი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, აშშ-ში რუსეთის ელჩთან საუბრების შესახებ.

ფლინისთვის ბრალდების მოხსნაზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის თქმით, „ის გრძნობდა, რომ ასე მოხდებოდა“ და რომ ამ ფაქტით კმაყოფილია.

„ის უდანაშაულო კაცია. ვიმედოვნებ, მრავალი ადამიანი გადაიხდის საზღაურს. ისინი ამაზრზენები არიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მაიკ ფლინი ეროვნულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად მხოლოდ 23 დღის განმავლობაში მუშაობდა.  მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი კავშირის შესახებ რუს დიპლომატთან, რომელიც ფლინმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს დაუმალა, ის დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

ფლინის საქმის გადასახედად აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ბილ ბარიმ პროკურორი ჯეფრი ჯენსენი გასულ წელს დანიშნა, რომელმაც საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, საქმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.