აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ანგელა მერკელის სახელიც მოხვდა

19:59, 03.02.2026

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ანგელა მერკელის სახელიც მოხვდა.

როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება, იმ მცირერიცხოვან გერმანელ ფიგურებს შორის, რომელიც ელფოსტის მიმოწერაში ჩნდება, ერთ-ერთი ანგელა მერკელია.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ ფაილში არაბმა ბიზნესმენმა ჯეფრი ეპშტეინს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა ფოტო, რომელზეც სახეები დაფარულია და მხოლოდ ფეხები ჩანს. ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი მათგანი მერკელი იყო.

„ბილდის“ ცნობით, ელფოსტა სულთან ბინ სულაიემ გაგზავნა.

„კანცლერი მერკელი ახალგაზრდობაში“, – წერია ფოტოს აღწერაში, რომელიც მან ეპშტეინს 2013 წლის 14 აპრილს გაუგზავნა.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მერკელი განსაკუთრებით ხშირად იყო ნახსენები სტივ ბენონთან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ ულტრამემარჯვენე მრჩეველთან მიმოწერაში.  მისივე განცხადებების თანახმად, ბენონი ცდილობდა მერკელის და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების დასუსტებას მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მხარდაჭერით.

ამასთან, როგორც „შპიგელი“ იტყობინება, ეპშტეინი და ბენონი 2018-2019 წლებში რეგულარულად ცვლიდნენ შეტყობინებებს ჩატისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით – მსოფლიო პოლიტიკის, მემარჯვენე პოპულისტური საარჩევნო წარმატებების, პირადი შეხვედრებისა და ევროპაში სტრატეგიული გავლენის შესახებ. 2019 წლის მაისში, ტერეზა მეის მიერ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის დღეს, ბენონმა ეპშტეინს მისწერა: „მეი წავიდა; მერკელი და მაკრონი ორშაბათს“.

მედიის ცნობით, ბენონმა 2019 წლის 23 მაისს, ევროპარლამენტის არჩევნების პირველ დღეს აღნიშნა, რომ მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც მალე მოუწევდათ თანამდებობების დატოვება.  მედია წერს, რომ ეპშტეინმა მას მიულოცა შემდეგი სიტყვებით – „კარგი სამუშაო“.

მსგავსი