უცხო სახელმწიფოსთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის მცდელობის ბრალდებით, აშშ-ის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი დააკავეს
აშშ-ის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი უცხო სახელმწიფოსთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 28 წლის ნათან ლაატჩი უცხო ქვეყნის ოფიცრისთვის ან აგენტისთვის ცდილობდა თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემას.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ნათან ლაატჩი სამხედრო დაზვერვის სამოქალაქო თანამშრომელი 2019 წელს გახდა, სადაც შიდა საფრთხეების დეპარტამენტში მუშაობდა და წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე.
მარტში აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ამჟამად ნათან ლაატჩად არის ცნობილი, მეგობრული უცხო ქვეყნის მთავრობისთვის კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაცემა გადაწყვიტა.
გავრცელებული ცნობით, ბიუროს აგენტთან არაერთი კომუნიკაციის შემდეგ, რომელსაც ლაატჩი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მთავრობის თანამდებობის პირად თვლიდა, ნათან ლაატჩმა თავის მაგიდასთან არსებულ ბლოკნოტში საიდუმლო ინფორმაციის გადაწერა დაიწყო და დაახლოებით სამი დღის განმავლობაში არაერთხელ ამოიღო ინფორმაცია თავისი სამუშაო სივრციდან. შემდგომში ლაატჩმა ბიუროს აგენტს დაუდასტურა, რომ მზად იყო ინფორმაციის გადასაცემად. ბიურომ ოპერაცია ჩაატარა ჩრდილოეთ ვირჯინიის საზოგადოებრივ პარკში, სადაც ნათან ლაატჩი ფიქრობდა, რომ ის საიდუმლო ინფორმაციას უცხო ქვეყნის მთავრობას გადასცემდა.