აშშ-ის ღია 2022 - ნადალმა სეტი წააგო 198-ე ჩოგანთან, მაგრამ მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT
მოგებით დაიწყო აშშ-ის ღია პირველობა ესპანელმა რაფაელ ნადალმა. მას სამი საათი და 12 წუთი დასჭირდა მსოფლიოს 198-ე ნომრის, იაპონელი რინკი ჰიჯიკატას დასამარცხებლად – 4:6, 6:2, 6:3, 6:3.
პირველ სეტში იაპონელმა მაღალ დონეზე ითამაშა საკუთარ გეიმებში და ბრეიკპოინტამდე არ მიუშვა „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონი, თავად კი ერთადერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა მეშვიდე გეიმში და სენსაციურად მოიგო პირველი სეტი.
მაგრამ ამის შემდეგ, ჰიჯიკატას დიდი ხანი აღარ ჰქონია ბრეიკის შანსი – მომდევნო ორ სეტში ნადალმა თავის გეიმებში მხოლოდ 10 ქულა წააგო. ამასობაში რაფამ ბრეიკპოინტების გამომუშავებაც დაიწყო და ზედიზედ მოიგო ორი პარტია, მეოთხეში კი ბრეიკით დაწინაურდა. იაპონელს შეეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ მერვე გეიმში სამმაგი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა.
ნადალს შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა: 10 ბრეიკპოინტი მოიპოვა და ხუთი გამოიყენა, 43 „ვინერსი“ ჩააგდო, 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდებით ქულების 77 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 65 პროცენტი, გარდა ამისა, ცხრა ეისი ჩააწოდა.
ნადალისთვის ეს იყო პირველი მოგება უიმბლდონზე მიღებული ტრავმის შემდეგ. ის ტურში ცინცინატის „მასტერსზე“ დაბრუნდა, მაგრამ პირველივე მატჩი წააგო მომავალ ჩემპიონთან ბორნა ჩორიჩთან.
ნადალი აშშ-ის ღიაზე პირველად თამაშობს 2019 წლის შემდეგ, სულ კი ეს მისი მე-16 გამოსვლაა ნიუ იორკში და აქამდე არასოდეს წაუგია პირველი წრე.
ნადალის მეტოქე მეორე წრეში ვეტერანი იტალიელი ფაბიო ფონინი იქნება, რომელმაც 0:2-დან ხუთ სეტში დაამარცხა რუსი ასლან კარაცევი.