აშშ-ის ღია 2021 | ბასილაშვილმა თითქმის უბრძოლველად მოიგო და მეორე წრეში უცნობ ამერიკელს შეხვდება #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო აშშ-ის ღია პირველობა. ის თითქმის უბრძოლველად გავიდა მეორე წრეში, რადგან მისმა მეტოქემ, ამერიკელმა სებასტიან კორდამ მეორე სეტში ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება.
მატჩის შეწყვეტის მომენტში ბასილაშვილი 6:2, 2:1-ს იგებდა. პირველ სეტში მან სამიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეორეში – ერთიდან ერთი. ქართველი ძალიან კარგად აწვდიდა – პირველ და მეორე მოწოდებაზე მხოლოდ ხუთ-ხუთი ქულა დათმო. კორდას ბრეიკამდეც არ მიუღწევია. არასრული შეხვედრა 47 წუთი გაგრძელდა.
მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე უცნობი ამერიკელი მაქსიმ კრესი იქნება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციის 151-ე ნომერია. მან პირველ წრეში სენსაცია მოახდინა – ხუთ სეტში დაამარცხა ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, აშშ-ის ღიას შარშანდელი ნახევარფინალისტი, ესპანელი პაბლო კარენიო ბუსტა – 5:7, 4:6, 6:1, 6:4, 7:6(7). აღსანიშნავია, რომ ესპანელს მეხუთე სეტის ტაი-ბრეიკზე ოთხი მატჩბოლი ჰქონდა, აქედან სამი ზედიზედ (6:3-ზე), მაგრამ კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში გასულმა ამერიკელმა ნამდვილი სასწაული მოახდინა.
24 წლის მაქსიმ კრესი პარიზშია დაბადებული და 2018 წლამდე საფრანგეთის სახელით გამოდიოდა. ის მეორედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების მეორე წრეში – წელს, ავსტრალიის ღიაზე საწყის რაუნდში იაპონელ ტარო დანიელს მოუგო, მაგრამ შემდეგ დამარცხდა ალექსანდრ ზვერევთან.
კრესი და ბასილაშვილი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.