18 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ აშშ-ის ღიას ტრიუმფატორი გახდა. მან ფინალში თავის თანატოლ კანადელ ლეილა ფერნანდესს მოუგო და ტურნირი ისე დაასრულა, რომ სეტი არ წაუგია.
ფინალამდე რადუკანუმ ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო: სამი კვალიფიკაციაში და ექვსი ძირითად ბადეში – ყველა ორ პარტიაში. ამ 18 სეტის განმავლობაში, რადუკანუს არ დასჭირვებია ტაი-ბრეიკის თამაში და მხოლოდ ერთადერთ სეტში მისცა მეტოქეს ხუთი გეიმი – ეს მოხდა კვალიფიკაციის მეორე წრეში ქართველი მარიამ ბოლქვაძის წინააღმდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ ფერნანდესს ფინალამდე უფრო რთული გზა ჰქონდა. მხოლოდ ორი სასტარტო რაუნდი გაიარა სეტის წაუგებლად, შემდეგ კი მაღალი განთესვის მქონე ვარსკვლავებთან მოუწია ბრძოლა. კანადელმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ნაომი ოსაკა (3), ანჟელიკ კერბერი (16), ელინა სვიტოლინა (5) და არინა საბალენკა (2). ფინალისტები 2002 წელს არიან დაბადებულნი – ფერნანდესი სექტემბერში, რადუკანუ ნოემბერში. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ორი თვეა.
თამაში რადუკანუმ უკეთ დაიწყო. ბრიტანელმა დამაჯერებლად აიღო თავისი გეიმი, შემდეგ კი მეტოქის გეიმზე მეექვსე ბრეიკ-პოინტიდან შეასრულა ბრეიკი – 2:0. მაგრამ ფერნანდესმა გაათანაბრა ანგარიში – 2:2, რის შემდეგაც ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ თავიანთ მოწოდებებს, სანამ ბრიტანელმა ისევ არ აიღო ბრეიკი – 6:4.
მეორე სეტის სტარტი ფერნანდესს უკეთესი ჰქონდა. მან ჯერ სამი ბრეიკ-პოინტიდან გადაარჩინა თავისი გეიმი, შემდეგ თავად გააკეთა ბრეიკი – 2:1. თითქოს თამაშში გარდატეხის მომენტი დადგა, მაგრამ რადუკანუმ გააძლიერა დარტყმები და ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო – 5:2. შეეძლო მეხუთეც მოეგო – მეტოქის მოწოდებაზე ორი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ფერნანდესმა გაძლო – 5:3.
სწორედ ამ დროს, როცა რადუკანუ ტიტულზე აწვდიდა, მან ერთ-ერთ ეპიზოდში მუხლი დაიზიანა. სისხლის შესაჩერებლად ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. თამაში იმ დროს შეწყდა, როცა ფერნანდესს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. კანადელი უკმაყოფილო დარჩა ამ პაუზით. შესაძლოა, ის რითმიდან ამოვარდა და რამდენიმე გათამაშების შემდეგ, რადუკანუმ გამარჯვება გაიფორმა – 6:4, 6:3. ფინალი საათი და 51 წუთი გაგრძელდა.
ბრიტანელმა უნიკალური რეკორდი დაამყარა – გახდა პირველი ჩოგბურთელი „დიდი სლემის“ ტურნირების ისტორიაში, ვინც გაიმარჯვა კვალიფიკაციის გავლის შემდეგ. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა არც ქალებში და არც მამაკაცებში. რადუკანუ გახდა „დიდი სლემის“ ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი 2004 წლის შემდეგ, როცა 17 წლის მარია შარაპოვამ გაიმარჯვა უიმბლდონზე. აშშ-ის ღიას რადუკანუ 150-ე ჩოგანის რანგში იწყებდა, ორშაბათს კი რეიტინგში 23-ე ნომერი იქნება. მისმა ჰონორარმა 2.5 მილიონი დოლარი შეადგინა, არადა, მანამდე მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ 303 376 დოლარი ჰქონდა გამომუშავებული.