აშშ-ის გენერალური პროკურორის ცნობით, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებისთვის დაწესებული ჯილდო 25 მილიონიდან 50 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

11:31, 08.08.2025

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებისთვის დაწესებული ჯილდო 25 მილიონიდან 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პამ ბონდიმ განაცხადა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ნარკოტიკებით ვაჭრობაში სდებს ბრალს, ასევე კარტელებთან თანამშრომლობით აშშ-ში „ფენტანილის“ შემცველი კოკაინის შემოტანაში მონაწილეობას.

„პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მადურო ვერ გაექცევა სამართლიანობას და ის პასუხს აგებს თავისი საზიზღარი დანაშაულებისთვის“, – განაცხადა ბონდიმ.

მადუროს ბრალი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში 2020 წელს, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს წაუყენეს. იმ დროს აშშ-მა მისი დაპატიმრებისთვის 15 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

მოგვიანებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯილდო 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა, ანალოგიური თანხა 2001 წელს ოსამა ბინ ლადენის დაჭერისთვის იყო დაწესებული.

მსგავსი