იუტის გუბერნატორი აცხადებს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 22 წლის ტაილერ რობინსონი
იუტის გუბერნატორი, სპენსერ კოქსი აცხადებს, რომ კირკის სავარაუდო მკვლელი დააკავეს. მისი თქმით, დაკავებული 22 წლის ტაილერ რობინსონია.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ტაილერ რობინსონის ოჯახის წევრი დაუკავშირდა ოჯახის მეგობარს, რომელმაც შემდეგ შერიფს შეატყობინა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ რობინსონმა დანაშაულის ჩადენა აღიარა.
კოქსის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ოჯახის წევრმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ტაილერ რობინსონი ბოლო წლებში „უფრო პოლიტიკური“ გახდა. მისი თქმით, ოჯახის წევრმა გაიხსენა ბოლო ინციდენტი, რომლის დროსაც რობინსონი 10 სექტემბრამდე ოჯახის წევრებთან ვახშამზე მივიდა, რა დროსაც ახსენა, რომ ჩარლი კირკი იუტა ველის უნივერსიტეტში ჩადიოდა, ასევე აღნიშნა, რატომ „არ მოსწონდა ის და რა შეხედულებები ჰქონდა“.
კოქსის თქმით, რობინსონმა ოჯახის წევრს უთხრა, რომ „კირკი სიძულვილით იყო სავსე და სიძულვილს ავრცელებდა“.
ამასთან, იუტის გუბერნატორის განცხადებით, იარაღთან ერთად, ნაპოვნია გრავირებული ვაზნები. ხოლო ტყვიებზე აღმოჩენილ წარწერებს შორისაა: „ჰეი, ფაშისტებო, დამიჭირეთ“, „ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ჩაო, ჩაო“ და „თუ ამას კითხულობ, გეი ხარ“.
სპენსერ კოქსი ასევე აცხადებს, რომ ტაილერ რობინსონი იუტა ველის უნივერსიტეტის სტუდენტი არ ყოფილა. კოქსის თქმით, არ აქვთ ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა რობინსონს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.