აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან დონალდ ტრამპს უწყებაში ცვლილებების განხორციელება სურს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „უწყებაში ცვლილებების განხორციელება სურს“.
ამის შესახებ კრისტოფერ რეიმ „სიბიესის“ ეთერში განაცხადა.
ინტერვიუში კრისტოფერ რეიმ აღნიშნა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროდან წასვლის გადაწყვეტილება იყო „ერთ-ერთი ყველაზე რთული, რაც ოდესმე მიუღია“.
„ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ მას ცვლილებების შეტანა სურს და, კანონის თანახმად, ამის გაკეთება ნებისმიერი მიზეზით ან მიზეზის გარეშეც შეუძლია“, – განაცხადა კრისტოფერ რეიმ.
კრისტოფერ რეის განმარტებით, მისი გადადგომა დაეხმარება ბიუროს, პოლიტიკურ ბრძოლაში არ ჩაებას.
„დავასკვენი, რომ ბიუროსთვის საუკეთესო იქნებოდა ამის ორგანიზებულად გაკეთება, რათა გამოძიების ფედერალური ბიურო კიდევ უფრო ღრმად არ ჩაერთოს ბრძოლაში“, – აღნიშნა კრისტოფერ რეიმ.
კრისტოფერ რეი ამბობს, რომ არ აპირებს, გავლენა მოახდინოს ტრამპის გადაწყვეტილებაზე ახალ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
„ჩვენს ქმედებებს განსაზღვრავს ფაქტები და კანონი და არა პოლიტიკა ან პარტიული სიმპათიები“, – განაცხადა კრისტოფერ რეიმ.
შეგახსენებთ, 2024 წლის 11 დეკემბერს კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობის დასრულებისას დატოვებდა თანამდებობას.
მანამდე ტრამპი თავად საუბრობდა რეის გათავისუფლების განზრახვაზე, ასევე გამოხატავდა უკმაყოფილებას გამოძიების ფედერალური ბიუროს მოქმედებებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უკვე შეარჩია გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი ხელმძღვანელი – ეს კეშ პატელია, ყოფილი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან.